ხვალ, 27 ივლისს, 19:00 საათზე, მ.ბერძენიშვილის სახელობის კუტურის ცენტრ "მუზაში", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი კავკასიაში სტივენ ჰაიკინი გახსნის პროგრამას - "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია".
პრეზენტაციამდე გაიმართება დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე არსებულ პროექტებსა და საჭიროებებს განიხილავენ და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელებენ.
გამოფენით "კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ხელოვნებაზე" მხატვრები მიზნებს შეუერთდებიან.
პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.
აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისთვის.