აჭარის მთავრობისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სამრეწველო ზონაში 150 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მ/შ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი და თავისუფალი მიწის ნაკვეთი) გამოყო.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სამრეწველო ზონაში მიწის გამოყოფა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და დამატებით საწარმოების შექმნის მიზნით მოხდა, რაც რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, თავად აჭარის სამრეწველო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას უმოკლეს ვადაში განიხილოს ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სამრეწველო პოტენციალის გაზრდას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.