"მედიის ადვოკატირებისთვის" წევრებმა პროკურატურას ,,მაესტროს" თეფშებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანიის სატელიტური თეფშები უკანონოდ დააყადაღეს.
"ჩვენი მოთხოვნაა, ყადაღა მოეხსნას "მაესტროს" კუთვნილ თეფშებს, რადგან ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლება, საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის გარკვეული მუხლები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრმა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ და რადიო "უცნობის" ხელმძღვანელმა ბასა ჯანიკაშვილმა ტელეკომპანია "მაესტრის" კუთვნილი ქონებისთვის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში უკვე მიმართეს.