თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 20 ივილისს დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ, დიდი ოდენობით ქონების ქურდობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულების - კობა კანდელაკის, თენგიზ დიასამიძის, რუსლან ნაცარიშვილისა და ედნარ შაქარიშვილის მიმართ.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით:
რუსლან ნაცარიშვილი, 2009 წლის ივნისში, დაუკავშირდა თავის მეგობრებს, შპს "არტმშენი 21"-ის ფაქტობრივ მფლობელებს - ედნარ შაქარიშვილს და თენგიზ დიასამიძეს და შპს "ჯეოინსპექტი"-ს დირექტორს კობა კანდელაკს, ასევე თურქეთის მოქალაქეებს - ჩეთინ აიდინს და მის პარტნიოერებს, სატვირთო გემი "ელისა-ზ"-ს მფლობელებს: შევქეთ ჩუბუქს, ახმად და ბურაკ ერდოღანებს, რომლებსაც შეუთანხმდა ხსენებულ გემზე არსებული ფოლადის წნელების (არმატურის) მოპარვისა და საქართველოში შემოტანის თაობაზე.
შეთანხმების თანახმად, ზემოხსენებულმა პირებმა განიზრახეს, ქ. ისქენდეროლის ნავსადგურში მყოფ გემ "ელისა-ზ"-ზე არსებული უცხო სახელმწიფოს კუთვნილი ტვირთის, კერძოდ 2256 ტონა ფოლადის წნელების (არმატურის) მოპარვა, მისი საქართველოში შემოტანა და რეალიზაცია, ხოლო დანაშაულის დაფარვისა და სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით, გემი "ელისა-ზ"-ს ჩაძირვა შავ ზღვაში. დანაშაულის სისრულეში მოყვანისა და ხსენებული ტვირთის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა, დაამზადეს ყალბი სასაქონლო ინვოისები, რომლის თანახმად ხსენებულ გემზე არსებული ფოლადის წნელები, ვითომდა ორი თურქული კომპანიისგან შესყიდული ჰქონდა საქართველოში რეგისტრირებულ შპს "არტმშენი 21"-ს.
2009 წლის ივლისის დასაწყისში, გემ "ელისა-ზ"-ს მეშვეობით, ყალბი ინვოისების გამოყენებით საქართველოში შემოვიდა უცხო ქვეყნის კუთვნილი და ზემოაღნიშნული პირების მიერ მოპარული 2 256 ტონა არმატურა, საინვოისო ღირებულებით - ჯამში 901 628 აშშ დოლარი. აღნიშნული ინვოისების საფუძველზე, ფოლადის წნელები, განაბაჟდა შპს "ჯეოინსპექტი"-ს დახმარებით, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში არმატურის შემსყიდველად დაფიქსირდა ედნარ შაქარიშვილის და თენგიზ დიასამიძის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შპს "არტმშენი 21". ბრალდებულებმა შპს "არტმშენის"-ს გამოყენებით, ადგილობრივ ბაზარზე მოახდინეს მოპარული ტვირთის რეალიზაცია, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავალი - 1 250 000 ( მილიონ ორასორმაცდაათი ათასი) აშშ დოლარი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს.
2009 წლის ივლისის თვეში გემი "ელისა-ზ", შეთანმხმებისამებრ ჩაძირეს შავ ზღვაში.
საქმის არსებითი განხლვის პროცესში ბრალდებულების აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე მხარეებს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში: კობა კანდელაკს, თენგიზ დიასამიძეს და ედნარ შაქარიშვილის სასჯელის სახით დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; ხოლო რუსლან ნაცარიშვილს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები