ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად გიორგი პერტაია დაინიშნა. პერტაია, რომელიც აქამდე ბიზნესომბუდსმენის პოსტზე მუშაობდა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ განაცხადა, სააგენტო ინვესტორებთან მუშაობას კიდევ უფრო გააქტიურებს და ამიერიდან აქცენტი არა მხოლოდ სამიზნე ბაზრებზე, არამედ სამიზნე ინვესტორებზე გაკეთდება.
უფრო კონკრეტულად კი სააგენტო აქტიურად იმუშავებს ცალკეულ კომპანიებთან, რათა ისინი საქართველოში ინვესტირების განხორციელებაში დარწმუნონ.
პერტია აცხადებს, რომ სააგენტო მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებული არ იქნება, არამედ უწყება უკვე მოზიდულ ინვესტორებთანაც მჭიდროს ითანამშრომლებს, რათა მათ საქართველოში ოპერირება გაუმარტივონ, საჭიროებისამებრ დაეხმარონ სხვადასხვა სახის ლიცენზიების მოპოვებაში და ხელი შეუწყონ მთავრობასთან კომუნიკაციაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის პოსტზე გიორგი პერტაიამ ქეთი ბოჭორიშვილი შეცვალა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.
როგორც ცნობილია ამიერიდან ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის კოორდინაციასა და საერთო ზედამხედველობას სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გაუწევს. საინვესტიციო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო 3 წევრით დაკომპლექტდა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე. კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს.