ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები ამერიკაში მყოფმა საქართველოს პირველმა ლედიმ მოინახულა. ვაშინგტონში მდებარე უოლტერ რიდსის სამხედრო ჰოსპიტალში სანდრა რულოვსი უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა, სამხედროებს გაესაუბრა, მათ ჯანმრთელობა და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.
უოლტერ რიდსის სამხედრო ჰოსპიტალში 6 ქართველი ჯარისკაცი მკურნალობს. მათ შორის არის ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობის კურსს უკვე შვიდი თვეა გადის.
ის "აისაფის" სამშვიდობო მისიის შესრულებისას ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას დაიჭრა. ქართველი ოფიცერი ამერიკაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმაც მონახულა და თავდადებისა და მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.
მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია.