ესპანეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესება, ევროზონის პრობლემებს ზრდის. ევროპის მთელი პოლიტიკა ამჟამად მიმართულია დროის მოგებისკენ, - წერს "გარდიანის" მიმომხილველი ლარი ელიოტი.
ევროზონის კოლაფსის საფრთხე უკვე დღევანდელი დღის წესრიგში დგას, მიიჩნევს მიმომხილველი. გასულ კვირას თითქოს პოზიტიური ტენდენციები გამოჩნდა, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ესპანეთის პროვინცია ვალენსიამ განაცხადა, რომ მას მადრიდის ფინანსური დახმარება დასჭირდება. აღნიშნულმა კი ბაზრებზე ვარდნა გამოიწვია.
მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა კვლავ საბერძნეთია, სადაც ეკონომიკის მკაცრი ზომების ცხოვრებაში გატარების პრობლემებს უკავშირდება. სწორედ ეკონომიკის მკაცრი ზომების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირმა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე.
თუმცა დღევანდელი ვითარება შემდეგნაირად გამოიყურება: თუ საბერძნეთის კოალიციური მთავრობა არ შეამცირებს ხარჯებს 2 მლრდ-ით, მაშინ გადაიხედება საკითხი მისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. პარალელურად კი ესპანეთს საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად მინიმუმ 300 მლრდ ევრო სჭირდება.
აქ სწორედ დროა გადამწყვეტი, ანუ როდის გახხდება ეს ფული საჭირო. თუ აგვისტოში, მაშინ ევროპას "შავი აგვისტო" ელოდება.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია გერმანიის პოზიცია, რომლის მოთმინების ფილა ივსება. ბერლინში მიიჩნევენ, რომ ათენი უნდა დათანხმდეს ეკონომიკის მკაცრ ხაზს, ან გამოაცხადოს დეფოლტი და დატოვოს ევროზონა.
"გარდიანის" მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ათენის მიერ ევროზონის ნებაყოფლობითი დატოვება ანგელა მერკელისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, საბერძნეთის მაგალითით ნათელია: ხარჯების შემცირება და გადასახადების ზრდა როდესაც ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია ზრდის და არ ამცირებს ვალებს.