იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (741 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (606 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (341 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 261 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 23 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 120 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 11 პროცენტს. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 66 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4866 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1140 მლნ. აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3725 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ივნისში 2585 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2012 წლების იანვარ-ივნისის დინამიკური მწკრივის მიხედვით.