პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქვების სროლა პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას სახიფათო ტენდენციაა.
"პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებას ვგულისხმობ პირველ ყოვლისა, როგორც კი გადადიან ძალისმიერ - უხეშ მეთოდებზე, იქ იწყება მათი დამარცხება. გავიხსენოთ, როდის დაიწყო ასლან აბაშიძის დამარცხება: როცა ბათუმში ჩასულ ნაციონალურ მოძრაობას გამოეკიდნენ საცემად. იქიდან გახარებული დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი. მიშამ მოახერხა, რომ წამგებიანი ნაბიჯი გადაადგმევინა კონკურენტს. რაც მთავარია, ამ ბათუმურ და ბოლნისურ ნაბიჯებამდე "ნაციონალურ მოძრაობის" რეიტინგი იყო 7 %. ამის შემდეგ კი რეიტინგი 25% გახდა", - განაცხადა საყვარელიძემ სტუდია "ნიუგრუპის" გადაცემა "ღია სტუდიაში" .
საყვარელიძე აცხადებს, რომ იგი კარალეთის ინცინდენტს ადგილობრივი ჩიინოვნიკების თვითშემოქმედებად მიიჩნევდა, თუმცა, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ სხვა აზრი ჩამოუყალიბდა.
"კუბლაშვილმა ეს პოზიცია დაიცვა. კარალეთის პოზიცია იყო შეცდომა. გამოვიდა, რომ ეს ვერტიკალზეა", - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ კუბლაშვილმა მოვლენებისგან დისტანცირება არ გააკეთა.
"ის (კუბლაშვილი რედ.) ჩაება პირდაპირ, როგორც ერთ-ერთი მხარე, რაც უკვე ნიშნავს, რომ ეს ზოგადი შეცდომაა და არა ადგილობრივების შეცდომა", - აღნიშნა საყვარელიძემ.