გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმეში მოულოდნელი შემობრუნება მოხდა - გამოძიება ეჭვობს, რომ ადრე დაკავებული სავარაუდოდ მკვლელი შოთა თარუგიშვილი სინამდვილეში სულ სხვა ადამიანია. გამომძიებლებმა მასთან ჩატარებული ჩხრეკის შედეგად რამდენიმე სხვადასხვა პასპორტი აღმოაჩინეს. გამომძიებლები ამჟამად მისი ვინაობის გარკვევას ცდილობენ. თავად შოთა თარუგიშვილი თავის სრულ უდანაშაულობას ამტკიცებს.
გამოძიებასთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ გენერლის მკვლელობის საქმეში შესაძლოა ახალი გარემოებები და სახელები გაჩნდეს.
"ეჭვმიტანილთან ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღმოჩენილია რამდენიმე ქართული პასპორტი, რომელებიც სხვადასხვა მონაცემისა და ვინაობის ადამიანებზეა გაფორმებული. ყველაფერი ეს იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მკვლელობის შემკვეთის სახელი - შოთა თარუგიშვილი - გამოგონილია", _ აცხადებს წყარო.
მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თარუგიშვილის შესახებ ჯერ ძალიან ცოტა რამ იციან - ცნობილია მხოლოდ ის, რომ 19951 წელს იგი თბილისში დაიბადა. მოსკოვში 1951 წლიდან ცხოვრობს და აქვს რუსეთის მოქალაქეობა. მას ჰყავს მეუღლე და შვილი. დაკავებისას თარუგიშვილი უმუშევრად ითვლებოდა.
თუმცა, ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 90-იანი წლების ბოლოს შოთა კრიმინალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი. თუმცა მაშინ მას სხვა სახელი და გვარი ჰქონდა.
"ახლა სიტუაცია ამ დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით ბუდანოვის მკვლელობას ჰგავს, იმ შემთხვევაშიც დააკავეს მკვლელი, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი და გვარი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაადგინეს.
ამჟამად ოპერატიული სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქითკენ, რომ თარუგიშვილი ბიოგრაფია გაარკვიონ. იმაში, რომ მკვლელი სწორედ თარუგიშვილია, გამოძიებას ეჭვი არ ეპარება. იგი სამმა თვითმხილველმა ამოიცნო. ამას გარდა, აღიარებითი ჩვენება უკვე დაწერა ამ დანაშაულის სხვა მონაწილემ - ალექსანდრე ბერიშვილმა, მან არა მხოლოდ აჩვენა გამომძიბლებს ის იარაღი, რომლიდანაც მოკლეს გენერალი, არამედ მოუთხრო, თუ როგორ მზადდებოდა მკვლელობა",_ ამბობს წყარო.
თარუგიშვილი ამჟამად ლეფორტოვსკის საგამოძიებო იზოლატორში ერთადგილიან კამერაშია მოთავსებული.
"ჩემი კლიენტი ამტკიცებს, რომ მას მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და იგი დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა",_ აცხადებს ეჭვმიტანილის ადვოკატი ალექსანდრე ლომჟინი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. დუმბაძე თავისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. დუმბაძე ცნობილია იმით, რომ საქართველოსა და მისი ერთ-ერთი რეგიონის აჭარის ხელისუფლების კონფლიქტის დროს უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დუმბაძე 2008 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.