სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა.
განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ბეჟაშვილმა აუდიტის სამსახურში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
თანამდებობის დატოვების მიზეზად კახეთში მომხადარი სტიქია დასახელა.
"მივიჩნევ, რომ ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაც არის, ამ ძნელბედობის ჟამს გვერდით დავუდგე ჩემს კახელებს და დავეხმარო მათ სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში, რაც შეუთავსებელია ჩემს თანამდებობასთან", - განაცხადა ბეჟაშვილმა და დასძინა, - "მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისში კონკრეტული მაღალი თანამდებობა და ჩემი მომავალი საქმიანობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, დავუკავშირო ჩემს გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვას".
ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნამდე კახეტში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, აღნიშნა, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ხალხს განსაკუთრებული ზრუნვა და გვერდით დგომა სჭირდება.
ლევან ბეჟაშვილმა არ დააკონკრეტა, გეგმავს თუ კენჭი იყაროს კახეთის რომელიმე რაიონში.
ბეჟაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლევან ბეჟაშვილი 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის თანაშემწედ. 1997-დან 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში უფროს და წამყვან სპეციალისტად. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტი, განყოფილების გამგე და დეპარტამენტის უფროსი. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, 2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე კი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2008 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა.