კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კულინარიის ფესტივალი გადაიდო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 21 ივლისს, ყაზბეგში დაგეგმილი ღონისძიება აღარ შედგება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის" პროგრამის ფარგლებში - "ქართული კულინარიის დღეების" გამართვას საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ "ქართული კულინარია და ტრადიცული ქართული სუფრის საგანძური მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და მკვეთრად განსხვავდება რეგიონების მიხედვით, გამოირჩევა ინდივიდუალური ნიშნებით, მრავალფეროვნებით, უძველესი შეჭამანდებითა თუ მოდერნიზირებული კერძებით".
"ღონისძიების მიზანია, მოხდეს ქართული უძველესი ტრადიციული შეჭამანდების და ნაირფეროვანი სახეობების გაცნობა და მიწოდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლისთვის, იმ ცოდნის გაზიარება, რომელსაც ცალკეულ რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრნი ფლობენ", - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.