როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა , - ეს განცხადება პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ღიად და ხაზგასმით ელაპარაკებიან რუსეთს, თან ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელიც ანტიუკრაინული კოალიციის წევრია.
"რუსეთთან ურთიერთობა ვაჭრობის კუთხით რომ განიხილებოდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს კაცი არ არის სავაჭრო წარმომადგენელი. თუ იმაზე ლაპარაკობს, რომ რაღაც ჩაკეტილი ღვინო და ბორჯომი, თუ არ ვიცი, რასაც დაადეს იქ თანამედროვე ონიშენკოებმა ემბარგო, ის უნდა გაიხსნას. ამის გაკეთება სხვა ქვეყანაშიც შეიძლება. შეგახსენებთ, რომ ბელარუსი არის ანტიუკრაინული კოალიციის წევრი და ის ქართველი [გიორგი ზურაბაშვილი] ახლა იმყოფება უკრაინის საწინააღმდეგო სამხედრო გაერთიანების მიწაზე. თუ მოლაპარაკებები პირდაპირ ეხებოდა პროდუქტებს, ემბარგოს, შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვაგან, ასევე, შეიძლება თქვან ამის თაობაზეა, მაგრამ ამას არ ამბობენ. ღიად და ხაზგასმით ელაპარაკებიან რუსეთს, თან ბელარუსის ტერიტორიაზე", - განაცხადა გვარამიამ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება.