დღეს, 29 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, (მაჩაბლის #11) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, ეროვნულ უმცირესობებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთონ მათთან დაკავშირებული საკითხებისა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მსჯელობებსა და დისკუსიებში, უფრო აქტიურს გახდის უწყებებს შორის ურთიერთობას.
მემორანდუმი ფორმდება საქართველო მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის საფუძველზე.
მსგავსი თანამშრომლობის მემორანდუმი 2009 წლის 14 დეკემბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორისაც გაფორმდა. სახალხო დამცველი უახლოეს ხანებში გააფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან.