კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილს სტიქიით დაზარალებულების დახმარება პოლიტიკური ქულების დასაწერად არ სურს. ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება 10 მილიონის გადარიცხვასთან დაკავშირებით.
დავით დარჩიაშვილის თქმით, გაურკვეველია დაზარალებულებისთვის დახმარება ივანიშვილის სურვილია თუ პოლიტიკური სპეკულაცია და კანონის დარღვევის გზით ქულების დაწერის მცდელობა.
"გასაგებია, რომ სტიქიის დროს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მილიარდერებსაც შეიძლება გაუჩნდეთ უანგარო სურვილები", - განაცხადა დარჩიაშვილმა და ბიძინა ივანიშვილს ურჩია სამთავრობო შტაბს დაელაპარაკოს.
"არსებობს სამთავრობო შტაბი, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით არის შექმნილი და ივანიშვილს შეუძლია მათ დაელაპარაკოს", - განაცხადა დეპუტატმა.
"ფანჯიკიძის განსასაზღვრი არ არის, როგორ მოქმედებს საბიუჯეტო კანონი საქართველოში, სასამართლო როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და ჯარიმები სად და როგორ მიემართება", - განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ჯარიმების თემით სპეკულირება არც თუ მაინც და მაინც სუფთა პოლიტიკური თამაშია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმის გადახდა ვერანაირად ვერ იქნება ქველმოქმედება.
"ჯარიმები ჯარიმებია, კანონის დარღვევით რაც ეკისრება ადამიანს და ქველმოქმედება კი ქველმოქმედებაა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დეპუტატმა ივანიშვილის იურისტებს კვალიფიკაციაც დაუწუნა.