ბაქოში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს სამმხრივი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა თურქეთის და აზერბაიჯანის დელეგაციებმაც მიიღეს.
სხდომაზე განიხილეს "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოს მიმდინარეობა, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ტერიტორიაზე. შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმს მოეწერა ხელი და გადაწყდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგი სხდომა სამი ქვეყნის მინისტრის მონაწილეობით, სექტემბერში საქართველოში გაიმართება.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე 4 კმ სიგრძის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაში დაიწყება. გვირაბი, რომლის მშენებლობისთვისაც 42 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთია და დასრულების შემდეგ სარკინიგზო გადაზიდვებს უფრო მოხერხებულს გახდის.
სარკინიგზო ხაზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოზე 4000 ადამიანია დასაქმებული. მხოლოდ ახალქალაქის მშენებარე სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ობიექტზე სტაბილურად 1600 ადამიანი იქნება დასაქმებული.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე რეგიონული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს. ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას, აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად ტრანსპორტირებას და ასეულობით ახალი, სტაბილური სამუშაო ადგილის შექმნას.
"ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშნებლობის პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია მისი პირველი ეტაპი - მარაბდა-თეთრიწყაროს სარკინიგზო ხაზის 29-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო.
განხორციელდა მარაბდის, წინწყაროს და თეთრიწყაროს სარკინიგზო სადგურების და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 50-მდე ხელოვნურ ნაგებობას, აშენდა 2 ახალი სარკინიგზო ხიდი, მწყობრიდან გამოსული დაზიანებული ხის შპალები შეიცვალა რკინა-ბეტონის თანამედროვე შპალებით, დაიგო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრულიად ახალი ლიანდაგი. ამჟამად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თეთრიწყარო-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციისა და ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე 25 კმ-იანი სრულიად ახალი სარკინიგზო ხაზის მშნებლობა, რათა წლის ბოლოს განხორციელდეს საცდელი მატარებლის გატარება საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდიდან კარწახამდე.
სარეაბილიტაციო სამუშაო "ბაქო-თბილისი-ყარსის" ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.