სირიის დედაქალაქ დამასკოში, გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაცია დაძაბული რჩება. ქალაქის ქუჩები ცარიელია. დედქალაქის რამდენიმე რაიონში ბრძოლები მიმდინარეობს. ადამიანები ქუჩებში არ არიან. არ დგას ავტომობილები. მაღაზიები დახურულია. გამონაკლისი მხოლოდ ბაზრებია, სადაც კვლავინდებურად ხალხმრავლობაა.
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ 20 ივლისს მუსულმანების მარხვა იწყება - დღესასწაული რამადანი, რომლის დროსაც მორწმუნეები დღის სინათლეზე საკვების მიღებისგან თავს იკავებენ.
"ტრადიციულად, რამადანის წინ ადამიანები პროდუქტებს იმარაგებენ. ახლა კი პროდუქტებს იმარაგებენ დღესასწაულთან დაკავშირებითაც და იმასთან დაკავშირებითაც, რომ შიშობენ, სიტუაცია დამასკოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დაძაბული იქნება", _ წერს რუსული მედია დამასკოს მცხოვრებელზე დაყრდნობით.
სიტუაცია დამასკოში გუშინდელი დღის შემდეგ დაიზაბა, როდესაც უშიშროების საბჭოს შენობასთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. ამ აფეთქებამ სირიის რამდენიმე მაღალჩინოსანი შეიწირა, მათ შორის თავდაცვის, შს მინისტრები და ბაშარ ასადის სიძე, რომელიც დაზვერვას ხელმძღვანელობდა.