მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 28 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაბა სიონში ატარებს ავტორ შემსრულებელთა და მომღერალთა საავტორო სიმღერის ფესტივალს, სახელწოდებით - "სიონის ზარები 2012".
ფესტივალის მიზანია, გააცნოს მსმენელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სასიმღერო შემოქმედების ის პოტენციალი, რაც ამ ეტაპზე არსებობს და რასაც მომავალში შესაძლოა მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამი სასიმღერო ნომინაცია, კერძოდ: 1. საუკეთესო საავტორო სიმღერა; 2. საუკეთესო ახალი სიმღერა; 3. თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის საუკეთესო შესრულება.
მონაწილეთათვის წინასწარი შესარჩევი ტური მიმდინარე წლის 14 ივლისს ჩატარდა, სადაც კომპეტენტურმა ჟიურიმ ზემოაღნიშნულ ნომინაციებში გამოავლინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ის შემსრულებლები, რომლებიც ფესტივალის დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
დასკვნითი ტური და გალაკონცერტი დაბა სიონში 28 ივლისს, 18:00 საათზე, ღია ცის ქვეშ დაიწყება. ფესტივალში გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტეტური ჟიურის ის შემადგენლობა, რომელმაც შესარჩევ ტურში ნომინაციების მიხედვით მონაწილეთა შერჩევაში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალში გამარჯვებულთათვის დაგეგმილია ფულადი პრემიებისა და სხვადასხვა ჯილდოს გადაცემა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინოსტროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული.
გარდა ამისა, დაბა სიონში მოეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, 11:00 საათზე დაგეგმილია ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, 11:30 გაიმართება დოღი, 12:00 საათზე მდინარე იორზე მოეწყობა ჯომარდობა, დილიდანვე დაიწყებს ფუნქცონირებას კვების ობიექტები და ღია კაფე-ბარები.
გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ქართული ესტრადის სოლისტები და სასიმღერო კოლექტივები.
ფესტივალის იდეის ავტორები და ორგანიზატორები არიან:თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და არასამეწარმეო კავშირი "ჩვენი ფშავი", მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია; მედიამხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელი.