"საუკუნის ძარცვაში" ბრალდებულთა სასამართლო პროცესი პირველ აგვისტოს გაიმართება. თურქეთის ქალაქ ორდუში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსა და ძვირფასი ნივთების ქურდობაში საქართველოს სამი მოქალაქეა ეჭვმიტანილი.
გამოძიება თურქეთის მხრიდან დამატებით დოკუმენტაციას ელოდება, რის შემდეგაც მსჯავრდებულთა პირველი პროცესი გაიმართება.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის, ვახტანგ ფურცელაძის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტით, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთების ძარცვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე მუხლით აქვთ წაყენებული ბრალი მის თანამზრახველებსაც - მერაბ ლაშქარეიშვილსა და ვახტანგ ირემაძეს.
ფურცელაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გამოძიებასთან ითანამშრომლონ და საპროცესო გარიგება მოითხოვონ.
დანაშაული ამ დრომდე მხოლოდ ერთმა დაკავებულმა, ვახტანგ ირემაძემ აღიარა.
"საუკუნის ქურდობის" საქმეში სულ ექვსი ეჭვმიტანილი ფიგურირებს, რომელთაგან სამი ამ დრომდე დაკავებული არ არის.