საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით და ინიციატივით საქართვლოში უკვე მეორე ინდური ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ცნობილი ინდური ბლოქბასტერის "BILLA"-ს მეორე ნაწილის გადაღებების შემდეგ ინდოელი პროდიუსერები და გადამღები ჯგუფი ამჯერად ისტორიული ჟანრის ფილმის- "Irandam Ullagam" ("სხვა სამყარო") გადასაღებად ჩამოვიდნენ.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ქეთი ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ფილმის ბიუჯეტი 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ფილმზე მუშაობს ინდოეთის გამორჩეული და წარმატებული რეჟისორი, სელვა რაჯავან კრიშანამურტი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ინდოეთის ძვირადღირებული და პოპულარული ვარსკვლავები.
პროექტზე მოწვეულია "ჰოლივუდის" ერთ-ერთი წამყვანი გრაფიკოს სუპერვაიზორი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმზე როგორიცაა "ავატარი". ქართული მხრიდან ჩართულია 50 პროფესიონალი კინემატოგრაფისტი (გადამღები პერსონალი). ინდოელი პროდიუსერები აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან მათ შორის სტუდიასთან "მეტრო" და "ქართულ ფილმთან".
საინვესტიციო სააგენტოს ცნობით, ფილმში მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეების საქართველოში. სცენებში ფიგურირებს ქართველი მეფე ერთგული ჯარით. ფილმი მდიდარია ბატალური სცენებითა და 3დ გრაფიკით. დაგეგმილია 60-დღიანი მასშტაბური გადაღებები მთელი ქვეყნის მაშტაბით. ამ ეტაპზე გადაღებები კახეთში მიმდინარეობს. გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა საქართველოს ყველა რეგიონი და ღირშესანიშნავი ადგილები. გადასაღებად შერჩეულია რამდენიმე თვალწარმტაცი ადგილი, კერძოდ: თუშეთში - დართლო და მისი მიმდებარე ტერიტორიები, შუა საუკუნეების სოფლის სიუჟეტებისთვის; ჯავახეთში - ვარძიის კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია. რიგი სცენების გადაღება თბილისშიც მოხდება.
ისტორიული ჟანრის ფილმის გადაღებებისას საქართველოში ინდოელ პროდიუსერების პარტნიორია სტუდია "მეტრო," რომელიც უზრუნველყოფს ინდურ მხარეს მაღალი ხარისხის აპარატურით და ასევე კოორდინაციას უწევს ზოგადად გადაღებების დროს დამატებითი პერსონალის თუ მომსახურების ჩართვას.
ფილმის გადაღების პროცესი საინტერესოა, რადგან ხდება ფირზე აღბეჭდვა. სწორედ ამ მიზეზით პროცესში ჩაერთო "ქართული ფოლმის" თანამედროვე კინოლაბორატორია, რომელიც 2006 წელს იქნა შეძენილი და "Irandam Ullagam" არის მესამე პროექტი, რომელსაც აღნიშნული ლაბორატორია მოემსახურება.
ლაბორატორიის თანამშრომლების დაქირავება ხელახლა განხორციელდა 4-წლიანი პაუზის შემდეგ. ლაბორატორიაში მომუშავე პროფესიონალები უზრუნველყოფენ ნეგატიური ფირის მიწოდებას, გამჟღავნებას და მის სკანირებას ერთ შუქში HD-რეზოლუციით. ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.
"ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ მენაღარიშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში მოხდება ახალგაზრდების სტაჟირება იმისთვის, რომ ახალი თაობა დაეუფლოს ამ რთულ პროფესიას და გაიზიაროს სტუდიაში მომუშავე პროფესიონალების მრავალწლიანი გამოცდილება.
ფილმისთვის მსახიობების შერჩევა უზრუნველყო მსახიობთა სტუდიამ "G არტ". სულ ფილმში მონაწილეობს 70-მდე ქართველი მსახიობი და 50 კასკადიორი, ხოლო რამდენიმე სცენაში 300-მდე ადამიანი იქნება გადაღებული.