"ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ზოსიძე მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. 100-მდე ოჯახი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში წლების წინ ეკონომიკის სამინისტრომ შეასახლა, თუმცა მას შემდეგ ამ ადამინების ბედით და საცხოვრებელი პირობებით არავინ დაინტერესებულა. შესახლებულთა ინფორმაციით, იმის გამო რომ ისინი არსად არ არიან რეგისტრირებულნი ვერ ღებულობენ მონაწილეობას არჩევნებში, არ ურიგდებათ სასურსათო და ელექტრო ენერგიის ვაუჩერები და საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღებაზეც უარს ეუბნებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, არ ღებულობენ სოციალურ დახმარებას. ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებიც აწუხებთ. მათი განცხადებით შენობა ამორტიზებულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ანტისანიტარიული მდგომარეობა კი იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
როგორც ნიაზ ზოსიძემ განაცხადა ის რაც აქ ვნახეთ არის აღმაშფოთებელი და გაუგონარი რამ. ათეულობით ეკომიგრანტი და ლტოლვილი ოჯახი ცხოვრობს არაადამიანურ პირობებში. „მე აღარ მეგონა 21-ე საუკუნეში ადამიანები მსგავს პირობებში თუ ცხოვრობდნენ." - დასძინა მან.
„ჩვენს მოსახლეობას არ აკლია პური და სანახაობა, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა არის სხვა. მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ცხოვრობს შეჭირვებლ მდგომარეობაში და სასწრაფოდ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. მივმართავთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, მოეშვან დაპირებებს, მოეშვან თვალსასეირო ღონისძიებებს, მოეშვან მოჩვენებით სიამტკბილობაზე საუბარს და მიხედონ კონკრეტულ საქმეს." - განაცხადა ნიაზ ზოსიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.