საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის, ვლადიმერ ჩირკინის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
11 და 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სადაც „ინსპექტირების" მიზნით მოინახულა რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. ბაზები და შეხვედრები გამართა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან.
რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას. ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული 2008 წლის სცენარით მიმდინარე გამუდმებული სამხედრო წრთვნები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე და 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები „კავკასია-2012", რითაც რუსეთი უშუალო სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.
სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის ფედერაციის სათავეში მყოფ რეჟიმს არაფერი არა აქვს შესათავაზებელი კავკასიისათვის გარდა კრიმინალურ-მაფიოზური მმართველობისა და მილიტარიზაციისა. ეს რეალობა სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს კავკასიის სახელმწიფოებისათვის, კავკასიის ხალხებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის.