კონსერვატორიის დიდ დარბაზში გრძელდება საერთაშორისო ფონდის "თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის" მიერ დაფუძნებული "თბილისის საოპერო ფესტივალი". 20 ივლისს შესრულდება ჯუზეპე ვერდის "ატილა", 25 ივლისს კი "ტრუბადური" (წარმოდგენილი იქნება ოპერების საკონცერტო ვერსიები).
20 ივლისსაც სცენა დაეთმობა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს, სიმფონიურ ორკესტრს. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის სპეციალური სტუმრებიც _ ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი (ლიბანი) და საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე, რომელიც ატილას პარტიას შეასრულებს ვერდის "ატილაში". მას პარტნიორობას გაუწევენ თეატრის სოლისტები _ სულხან გველესიანი (ეციო), მაყვალა ასპანიძე (ოდაბელა), გიორგი მახარაძე (ფორესტო), თამაზ საგინაძე (ულდინო), ტარიელ ჭიჭინაძე (პაპი ლეონ II). "ატილას" ჯანლუკა მარჩანო იდირიჟორებს.
9 ივლისს გაიმართა პირველი საფესტივალო კონცერტი, რომლის პროგრამაში იყო პეტრე ჩაიკოვსკის "სერენადა" სიმებიანი ორკესტრისთვის და კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. მსმენელს უმასპინძლა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა, რომელსაც უძღვებოდა თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო. აუდიტორიამ გაიცნო ფესტივალის სპეციალური სტუმარი, შესანიშნავი ახალგაზრდა მევიოლინე ვალერი სოკოლოვი, რომლის საშემსრულებლო ხელოვნება ნამდვილად უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. 15 ივლისს შესრულდა ვერდის "ნაბუქო".
ანტონინის უნივერსიტეტის გუნდს (ქორმაისტერი _ ტუფიკ მაატუკი) მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დიდი წვლილი შეაქვს ლიბანის კულტურულ ცხოვრებაში. გუნდს გამოცემული აქვს მარონიტების რელიგიური მუსიკალური ტრადიციების მრავალრიცხვოვანი ჩანაწერები. 2012 წლის ოქტომბერში გუნდი წარსდგება პარიზში ფესტივალზე `ილ დე ფრანს".
დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით. მომღერლის დებიუტი შედგა 1995 წელს თბილისის ოპერის თეატრში. 2003 წელს რამაზ ჩიკვილაძე მიიწვიეს ბავარიის ოპერის სახელმწიფო თეატრში. იგი შემოქმედებითი სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო პეზაროს ფესტივალზე. სხვადასხვა დროს მღეროდა თელ-ავივის ოპერის თეატრში, 2005-2008 წლებში მოღვაწეობდა დორტმუნდის ოპერის თეატრში. ამჟამად ჩიკვილაძე არის ბონის ოპერის თეატრის სოლისტი,