„ერთი, რასაც საქართველოს ყველა პენსიონერს ვპირდები არის ის, რომ დღეიდან არც ერთ საპენსიო განყოფილებაში, არავინ რიგში აღარ ჩადგება", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა ბათუმში სტუმრობისას, სადაც ,,ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში პირადად აკვირდებოდა სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს
„ერთი, რასაც საქართველოს ყველა პენსიონერს ვპირდები არის ის, რომ დღეიდან არც ერთ საპენსიო განყოფილებაში, არავინ რიგში აღარ ჩადგება. თუკი მსგავსი რამ კიდევ შევნიშნეთ, ამ პროექტს გადავცემთ იმ ბანკს, რომელიც მას რიგებისა და ხალხის პატივისცემის პირობებში განახორციელებს. ეს პენსია დღეს იმაზე ნაკლებია, რაც რეალურად გეკუთვნით. თქვენ ბევრად მეტს იმსახურებთ - ეს ერთი. მეორე, თქვენ იცით, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს წელს 140 ლარიანი საპენსიო პაკეტი ექნებათ, მომავალ წელს კი, ეს მაჩვენებელი 100-დოლარს მიაღწევს. ჩვენ ახლა გაძლევთ პოლისს, რომლის საშუალებითაც საქართველოში 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისთვის ანაზღაურდება სამედიცინო მომსახურება და წამლების რაოდენობის სერიოზული ნაწილი", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში ყველა ოჯახთან ინდივიდუალურად გააფორმებენ ხელშეკრულებას 1000-ლარიანი ვაუჩერის მიღების თაობაზე.
,, საავადმყოფოებს, რომლებსაც ვაშენებთ ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ჩაქვში, ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ. მათ იმისთვის არ ვხსნით, რომ თავი მოვიწონოთ. ეს იმისთვის კეთდება, რომ თუკი რამე აგტკივდებათ, პრობლება აღარ გქონდეთ. მესამე, თქვენ იცით, რომ ახალი მთავრობა გვყავს, რომლის მთელ შემადგენლობას პირადად ვთხოვე, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველა ოჯახთან ინდივიდუალურად გააფორმოს ხელშეკრულება 1000-ლარიანი ვაუჩერის მიღების თაობაზე, რომელსაც გამოიყენებს დასაქმების, სოციალური დახმარების, შვილების ხელშეწყობის თუ სოფლის მეურნეობის წარმოების თვალსაზრისით", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დღეიდან სამედიცინო პოლისების დარიგება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები