2012 წლის 16 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ რომან ცეცაძის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმების, ექსპერტიზის დასკვნებისა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია რომან ცეცაძის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მას ბრალად ედებოდა: ხულიგნობა ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის მასალების მოხედვით, 2007 წლის ივნისის თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის სამორიგეო განყოფილების ინსპექტორი - რომან ცეცაძე შვილის სანახავად, ყოფილი მეუღლის სახლში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. ბრალდებულს კარები ყოფილი მეუღლის დამ მაია გ.-მ გაუღო, რომელმაც რომან ცეცაძეს სთხოვა, რომ რადგან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, შვილის სანახავად სხვა დროს მისულიყო. აღნიშნულზე რომან ცეცაძემ ხმამაღლა გამოხატა უკმაყოფილება, მან საქამრიდან ამოიღო ტაბელური იარაღი და მაია გ.-ს სახლში შეშვება მუქარით მოსთხოვა. რომან ცეცაძის მიერ გამოწვეულ ხმაურზე ეზოში გამოვიდნენ მეზობლები, რომლებიც ბრალებულის დამშვიდებას ცდილობდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა მაია გ.- სახეში ძლიერად გაარტყა ხელი. საბოლოოდ მეზობლებმა მაინც შეძლეს კონფლიქტის ლოკალიზება და რომან ცეცაძე ყოფილი მეუღლის სახლს მოარიდეს. წასვლისას რომან ცეცაძე მაია გ.-ს დაემუქრა, რომ სასტიკად ანანებდა აღნიშნულ შემთხვევას.
ამავე ბრალდების თანახმად, 2007 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 03:30 საათზე, რომან ცეცაძემ ცეცხლის წაკიდებით მნიშვნელოვნად დააზიანა მაია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანა, რითაც მას 20 000 აშშ. დოლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
რომან ცეცაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იყო გირაო, მაგრამ მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც სიხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა წარიმართა ბრალდებულის დასწრების გარეშე.
საქმის არსებითი განხილვისას, განსხვავებით ხულიგნობის ჩადენისა, უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რომან ცეცაძის მიერ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტი, შესაბამისად ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.