"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის გახსნის წინა დღეს იმერეთის სოფლებს ესტუმრნენ. მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას.
„თუ ადამიანი დაზღვეულია, მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს სამედიცინო დახმარება, მაგრამ ის მოქალაქეები, რომლებიც არიან პოლისის გარეშე, პრაქტიკულად არიან სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩებიან. სწორედ ამიტომ, „ქრისტიან დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საბაზისო პაკეტი ქონდეს ყველა მოქალაქეს განურჩევლად მისი სტატუსისა" - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაგდა ანიკაშვილმა.
ქდმ-ს ლიდერებმა ასევე მოინახულეს სოფელ კვალეთში მცხოვრები ხუსკივაძეების ოჯახი.
აღსანიშნავია, რომ ხუსკივადზეები ყველს აწარმოებენ, თუმცა ოჯახი ყველის რეალიზაციას ვერ ახდენს.
„ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვენ, ხელისუფლებამ გახსნას ქარხნები, სადაც ყველის ჩაბარება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს რძის პროდუქციის რეალიზაციას.
„ქრისტიან-დემოკრატები" ზესტაფონის ბაზარსაც ესტუმრნენ და პროდუქტის ფასებითა და მოვაჭრეების სამუშაო პირობებით დაინტერესდნენ.
ბოლოს, მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობასთან ერთად ქუთაისამდე მატარებლით იმგზავრეს, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების პრობლემებს მოუსმინეს და საკუთარი ხედვა გააცნეს.
"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ შევცვალოთ ამ ქვეყანაში ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ შევქმნათ ერთიანი საქართველო, სადაც ოჯახები იქნებიან მატერიალურად წელში გამართულნი. ზესტაფონში ბევრ ისეთ ადამიანს შევხვდით, მასწავლებელს, სტუდენტს სპორცმენს, პედაგოგს, პენსიოენრს რომლებიც წარმოადგენენ კიდეც დღევანდელ საქართველოს, ეს არის დღევანდელი საქართველო და არა ის რომელიც ჟიპებიდან ჩანს" განაცხადა გიორგი თარგამაძემ.