კარალეთში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე მიხელ სააკაშვილს აკისრებს და აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლება პასუხს აუცილებლად აგებს.
"ეს არის ხელისუფლების მხრიდან ზონდერების მიზანმიმართულად გამოყვანა. რამდენიმე ათეული ზონდერი, რომლებიც ხელისუფლების, კერძოდ კი ბასიშვილის დავალებებს ასრულებდნენ, არ გვაცლიდნენ სოფელში შევლასა და მოსახლეობასთან გასაუბრებას. ყველა ეს ადამიანი კანონისა და ხალხის წინაშე დაისჯება და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სააკაშვილის კრიმინალური ხელისუფლებაა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი 100-მდე მხარდამჭერი კარალეთის მოსახლეობასთან შესახვედრად არ შეუშვეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთნ" საუბარში კახი კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, მათ წინააღმდეგობა "ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის 40-კაციანმა ზონდერბრიგადამ გაუწია, რომელთაც კოალიციის ლიდერებს ქვების სროლა დაუწყეს". გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავდა ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილიც.