საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტსმენთა ერთი ჯგუფის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიცია სპორტსმენთა ერთი ჯგუფის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე - პოლიტიკური ნიშნით მათი უფლებების შელახვასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვთვლით რომ ყველა სპორტსმენი ამავე დროს თავისი ქვეყნის მოქალაქეა და შესაბამისად სრული უფლება აქვს ჰქონდეს და გამოხატავდეს თავის მოქალაქეობრივ ან პოლიტიკურ შეხედულებას.
ამ მხრივ სამინისტროს არასდროს შეუზღუდავს არც ერთი სპორტსმენი, არც ერთი მათგანის მიმართ არ გატარებულა არანაირი საჯარიმო სანქცია მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
აღსანიშნავია რომ გუშინდელი განცხადების ყველა ხელმომწერი კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის წევრი და მხარდამჭერია, შესაბამისად მათი განცხადებაც ამ კოალიციის საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათ სრული უფლება აქვთ კამპანიაში მონაწილეობისაც, მაგრამ სამწუხაროა რომ ამ მონაწილეობის გზად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ამორჩეული.
დაინტერესების შემთხვევაში ძალიან ადვილად შეიძლება გადამოწმდეს რომ ეს სპორტსმენები დღემდე იღებენ მათთვის სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ანაზღაურებას და არც ერთი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაურიცხავთ ეროვნული ნაკრებდან.
რაც შეეხება სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართვის უარყოფით ასპექტს - ასეთი ასპექტი მხოლოდ ერთია - პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სპორტულ დისციპლინაზე. ხშირ შემთხვევაში, სხვა ვალდებულებებისთვის დროის დიდი ნაწილის გამოყოფა არღვევს პირადად სპორტსმენის და ნაკრების სპორტულ რეჟიმს, რაც ნეგატიურად აისახება ქართული სპორტის შემდგომ მიღწევებზე.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან ერთად მხოლოდდამხოლოდ რეკომენდაციების დონეზე მიაწოდა ინფორმაცია აქტიურ პოლიტიკაში ჩართულ სპორტსმენებს, რომ მათმა ჩართულობამ აქტიურ პოლიტიკაში არ დაარღვიოს სპორტული დისციპლინა.
დაფიქსირებულია შემთხვევები რომ მიუხედავად მწვრთნელის არაერთგზის მოთხოვნისა - სპორტსმენის გამოცხადდეს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე - ეს სპორცმენი არ ემორჩილება მწვრთნელის მოთხოვნას.