"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან თეატრალიზებული აქცია გამართეს, სადაც მგზავრთა უფლებების დარღვევა გააპროესტეს. როგორც "ქრისტიან დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა აივაზაშვილმა განაცხადა, ისინი დღევანდელ აქციაზე მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირების სისტემის მოუწესრიგებლობას და რეკლამების განთავსებას აპროტესტებენ.
"მივმართავთ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სატრანსპორტო კომპანიას, რათა ტრანსპორტში ოპერატიულად მოწესრიგდეს კონდიცირების სისტემები. გარდა ამისა, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე განთავსებული სარეკლამო ბანერები უსინათლო ადამიანებს პრობლემებს უქმნის გადაადგილებაში, ვინაიდან მათ მხოლოდ ყვითელი ფერის აღქმის უნარი გააჩნიათ და აღნიშნული ბანერები ხელს უშლის უსინათლოებს სატრანსპორტო საშუალებაში მოხვედრას", - აცხადებენ ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები
აქციას უსინათლოთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის "მომავალი იწყება დღეს" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის "ქრისტიან-დემოკრატებს" მიმართეს.
მათი განცხადებით, თბილისში ყოველდღიურად ირღვევა უსინათლოთა უფლებები და მერია ვალდებულია რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ საკითხზე.
თეატრალიზებულ აქციაზე ვენტილატორი მიიტანეს, რომელზეც წარწერაა განთავსებული _ "არ მუშაობს!"