2 მარტიდან საქართველოს მასშტაბით პედაგოგები გაიფიცებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, მანანა ღურჭუმელიძემ განუცხადა.
ღურჭუმელიძის თქმით, გაფიცვა გამაფრთხილებელი იქნება და პედაგოგები
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების შეცვლისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.
ღურჭუმელიძე აცხადებს, რომ პედაგოგთა სერთიფიცირების დებულებაში პედაგოგთა ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
"2 მარტის მასწავლებელთა გაფიცვას ორგანიზებას პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით შექმნილი საგაფიცვო კომიტეტი გაუწევს. გაფიცვას ვმართავთ იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგი არ არსებობს, მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება მასწავლებელთა ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს. მოვითხოვთ პედაგოგებისათვის პრეზიდენტის დაპირებულ მე-13 ხელფასს, ვაპროტესტებთ დირექტორებისა და ტექ-პერსონალის გაუმართლებლად დაბალ ხელფასს და მოვითხოვთ სკოლამდელი დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის მინიჭებას", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მანანა ღურჭუმელიძემ.
ღურჭუმელიძის განცხადებით, თუ აღნიშნული საკითხები არ გადაიჭრება, 15 მარტიდან პედაგოგები პერმანენტულ გაფიცვას მიმართავენ.