საქართველოს პრემიერ მინისტრი ივანე მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ ნატახტარში მცხოვრებ იმერლიშვილების 12 სულიან ოჯახს ესტუმრნენ და ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პოლისები პირადად გადასცეს. მთავრობის ხელმძღვანელმა და ჯანდაცვის მინისტრმა იმერლიშვილებს დეტალურად განუმარტეს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებები და სარგებლობის წესები.
იმერლიშვილების ოჯახში 2 ასაკით პენსიონერი და 0-5 წლამდე ასაკის 2 ბავშვია. 85 წლის ვარლამ იმერლიშვილი და მისი მეუღლე შვილთაშვილებთან - 2 წლის მარიამთან და 1 თვის ანასტასიასთან ერთად, კუთვნილი პოლისებით სარგებლობას 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეძლებენ.
2012 წლის 15 ივლისიდან იწყება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება. ასაკით პენსიონერები, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სახელმწიფო სადაზღვევო პოლისს „ლიბერთი ბანკში," კუთვნილ პენსიასთან ერთად მიიღებენ. 0-5 წლის ჩათვლით ბავშვებსა და სტუდენტებს პოლისი რეგისტრირებულ მისამართზე, საქართველოს ფოსტით მიუვათ. ხოლო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ პენსია, სადაზღვევო პოლისის აღებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში შეძლებენ.
მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. შესაბამისად, 2012 წლის 1 სეტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით 1 800 000 მოქალაქე ისარგებლებს. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობს. დაზღვეულთა წრის მუდმივი გაფართოება ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტია.