კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი ამოქმედდა. პირველი წირვა ტაძარში დღეს რუსთავ-მარნეულის ეპისკოპოსმა მეუფე იუანემ აღავლინა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეკლესიის მშენებლობას საფუძველი 2006 წლის დასაწყისში ჩაეყარა.
ეკლესიის გახსნის ცერემონიას დღეს საპატრიარქოს და ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მაკარიძე დაესწრო.
"თავდაცვის სამინისტროს სახელით მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს ჩვენი ჯარის მუდმივი თანადგომისა და ზრუნვისათვის. მიხარია, რომ ასეთი ხვთისნიერი საქმის თანამონაწილე ვარ. ტაძრები უკვე დიდი ხანია მოქმედებს შეიარაღებული ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზაზე, ასევე მიმდინარეობს მშნებლობები, დღეიდან კი კიდევ ერთი ტაძარი ამოქმედდა, რომელიც ეროვნული სასწავლო ცენტრის სამხედროების სულიერ ცხოვრებაზე იზრუნებს," განაცხადა ვახტანგ მაკარიძემ.
„შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის და განვითარების პროცესში სამხედროებზე და მათი რწმენის განმტკიცებაზე მუდმივად ვზრუნავთ; ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალებია," აღნიშნა ტაძრის მოძღვარმა მამა ალექსანდრემ.
დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში თავდაცვის სამინისტროს და საპატრიარქოს ერთობლივი ინიციატივით აშენდა.