"ქართული ოცნების" ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებს სახალხო დამცველი შეისწავლის.
"ქართული ოცნების" "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თეა წულუკიანი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა და ის ფაქტობრივი ვიდეომასალა გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში კოალიციის მიერ შიდა ქართლში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს ასახავს. საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის უკვე ფლობდა ინფორმაციას ამ ფაქტების შესახებ, თუმცა დამატებითი ცნობები დაეხმარება მომხდარს სათანადო შეფასება მისცეს.
შეგახსენებთ: გორის რაიონის სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა, სადაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალი დაშავდა. ჭყლეტაში მოყვნენ ჟურნალისტებიც. შემთხვევის დროს რამდენიმე ავტომანქანაც დაზიანდა.
სოფელი მერეთიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით რუსული საგუშაგოა.