სს "ქართუ ჯგუფის" მსგავსად, მყიდველი არც "პროგრეს ბანკის" აქციათა 21,71450%-ს გამოუჩნდა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელმაც ობიექტები ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა, განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სს "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციები არ გაყიდულა.
"შემდეგ ქმედებებზე კი განცხადებას აღსრულების ეროვნული ბიურო ხვალ დღის განმავლობაში გააკეთებს", - განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
შესაბამისად, უცნობია, თუ როდის გაიმართება განმეორებითი აუქციონები, ან რა გზას მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დაწესებული თანხების ამოსაღებად.
პირველად აუქციონზე "პროგრეს ბანკის" აქციათა 21,71450%-ის საწყისი ღირებულება 1 მლნ 783 ათას 249 ლარად იყო განსაზღვრული, ხოლო "ქართუ ჯგუფის" აქციათა 100 %-ის საწყისი ღირებულება 75 მლნ 940 ათას 330,50 ლარს შეადგენდა.