საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები NDI-ის კვლევებზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისგან, ამ ეტაპზე თავს იკავებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური, გოკა გაბაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვლევის შედეგებს ჯერ არ გასცნობია.
შეგახსენებთ, NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდება. გამოკითხულთა უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. კითხვას, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, 38% დადებითად პასუხობს, 43% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გააცნო. კვლევის თემაა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში".