აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ორთვინ ჰენინგი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონისთვის აქტუალური და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ბავარიის სამთავრობო დელაგაციის ვიზიტს აჭარაში და სექტემბრის ბოლოს ბათუმში დაგეგმილ გარმანიის დღეებს.
ორთვინ ჰენინგს დღესვე რობერტ ჩხაიძემაც უმასპინძლა. ბათუმის მერმა გერმანელ დიპლომატთან ბათუმისა და როსტოკის დამეგობრების საკითხზე იმსჯელა. ქალაქი როსტოკი გერმანიის ფედერაციის ჩრდილოეთით, მეკლებერგ კორპორმენის მიწაზე მდებარეობს. იგი ქვეყნის უმსხვილესი საპორტო ქალაქია და ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრად ითვლება.
ბათუმში საქმიანი ვიზიტით მყოფი ორთვინ ჰენინგი მონაწილეობას მიიღებს მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში - "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები", რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო „შერატონში" 10-12 ივლისის ჩათვლით გაიმართება.