ერთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ ფოთის შუქურა გაიხსნა. შუქურა ერთ-ერთი ტურისტული მარშუტი იქნება და იქ საქართველოს ზღვაოსნობის ისტორიის მუზეუმი გაიხსნება. ფოთის განახლებული შუქურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ დაათვალიერეს. გიორგი კარბელაშვილმა მაია სიდამონიძეს შუქურის სიმბოლური გასაღები გადასცა. ეს არის ფოთის შუქურა, რომელსაც დღეს შეუსრულდა 150 წელი. მისი რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დავიწყეთ. რეკონსტრუქცია დიდი სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან სიძველის გამო მისი დაშლის საფრთხე იყო. ფოთის შუქურა 1862 წელს ლონდონელი ინჟინრების მიერ არის აგებული, ის საქართველოში გემით ჩამოიტანეს. შუქურა შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალი საზღვაოსნო ნაგებობაა.
მასალის გამოყენების პირობები