საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველკვარტალური სამეცნიერო ჟურნალის, "ბიზნეს-ინჟინერინგის'' მიმდინარე წლის პირველი ნომერი გამოვიდა. ეს არის მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გამოცემა, უახლესი ინფორმაციული მიღწევების გათვალისწინებით. ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილის, შოთა ვეშაპიძის განცხადებით, ამაში ისიც იგულისხმება, რომ ახალი თაობის შესაბამისი წამკითხავი მოწყობილობის მქონე მობილური ტელეფონის მფლობელს შეუძლია გადაუღოს ფოტო ჟურნალის გარეკანზე მოთავსებულ QR-კოდს და ჟურნალში განთავსებული უკლებლივ ყველა სტატია მომენტალურად მის მობილურზე გადავა. ჟურნალის სრული ელექტრონული ვერსია ატვირთულია bpeng.com -ზე.
"ჟურნალის სარედაქციო კოლეგიამ გაითვალისწინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ არჩილ ფრანგიშვილის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ახლა ძალზე მნიშვნელოვანია "ბიზნეს-ინჟინერინგის" თეორიული ასპექტების დამუშავება და ინტუიციაზე დაყრდნობით საკუთარი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბება, რაც უნდა გახდეს ჩვენი გენერალური მიმართულება და ამ ეტაპზე ძირითადად ამ მიმართულებით გააძლიერა საქმიანობა", - აცხადებს ვეშაპიძე.
შეგახსენებთ, რომ "ბიზნეს-ინჟინერინგის" პირველი ნომერი 2011 წელს გამოვიდა. ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა.