ამ დღეებში ანაკლიის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი „პატრიოტი" (დირექტორი უ. ვარამაშვილი) უმშვენიერესი კოლხური ლეგენდის გაცოცხლების მოწმე გახდა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა (თ. ელიაძე) და საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ეგიდით ჰენრი კუპრაშვილმა ჩაატარა ტრეინინგი „ქართული ცურვა ანუ ცურვის კოლხურ-იბერიული სტილი" და მოაწყო მოცურავე ანა ლომინაძესთან ერთად „ლაზურით" (თავისუფალი კოლხურით), „ხელფეხშეკრული კოლხურით" და „აფხაზურით" სასწავლო-საჩვენებელი გაცურვები, როგორც აუზში ისე ზღვის ტალღებში.
როგორც ”ჯი-ეიიჩ-ენს” ჰენრი კკუპრაშვილმა აცნობა, საოცარი დამთხვევა მოხდა, ერგეტაში, XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, სწორედ პატრიოტთა ბანაკის ადგილას უყვებოდა საცურაოდ გამოსულ ერგეტელ ბავშვებს დარბაისელი მეგრელი მოხუცი ლევან ქურსუა (1887-1969) ლეგენდას, რომლის მიხედვითაც უხსოვარ დროში საბერძნეთიდან მოსულმა გემმა "არგომ" ღუზა ჩაუშვა ანაკლიის სანაპიროზე. ხმელეთზე გადმოსულმა არგონავტება ნაპირიდან ცოტა მოშორებით ლამაზი ადგილი შეარჩიეს და ბანაკი მოაწყვეს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი სოფლის "ერგენტას" (იგი ასე მოიხსენიებდა ამ სოფლის სახელს) ისტორიაო. როგორც იგი ყვებოდა, იმ უძველეს დროში, კოლხეთი იყო ძლიერი და ძალიან მდიდარი სახელმწიფო, რომელსაც მამაცი და ბრძენი მეფე მართავდა. მისი ჯარი ბატონობდა ზღვასა და ხმელეთზე. მის დროს კოლხი მეომრები ისეთი მაგრები იყვნენ, რომ შეეძლოთ ხელფეხშეკრულებსაც კი ეცურავათო.
არ არის გამორიცხული ანაკლიის მიმდებარე ზღვისპირა სოფელ ერგეტის წარმოშობა (რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად ანაკლიას შეუერთდა, ხოლო დარჩენილს ქ. ლაზიკა „ჩაყლაპავს"), მართლაც არგონავტებს უკავშირდებოდეს. როგორც არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს ეს სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. მაგალითად, ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის სამა¬რო¬ვა¬ნის კოლექტიურ სამარხში 142 თოხი და 28 სახნისი აღმოჩნდა, ეს კი იმის დასტურია, რომ იმ დროს სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული.
გასათვალისწინებელია ერგეტის ენტიმოლოგიაც. ამ სიტყვის ფუძე „ერგ"-ე და არგონავტების გემის სახელი „არგო" ერთი და იგივეა, ენებში ხმოვნების (ა,ე, ი. ო, უ) მონაცვლეობის ცნობილი ფონეტიკური კანონიდან გამომდინარე. ეს კი შეიძლება იმას მიანიშნებდეს, რომ ერგეტა და ცურვის ეს სახეობებიც 3000 წელზე მეტი ხნის უნდა იყოს.
ცურვის კოლხური სტილი სწორედ ანაკლია-ერგეტაში უნდა იყოს წარმოშობილი. ცნობილია, რომ ანაკლიიდან გაყავდათ გემებით ხელფეხშეკრული ქართველი ტყვეები და ვინც „ხელფეხშეკრულ კოლხურს" იყო დაუფლებული და შანსი მიეცემოდა (მაგალითად, გემის მოლოდინში ნაპირზე დაგდებული მოახერხებდა წყალში გადაგორებას, ან გემიდან წყალში აღმოჩნდებოდა და ა.შ.), ხელფეხშეკრულიც კი დააღწევდა თავს ტყვეობას.