საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაიცვალა პატიმარი.
ხათუნა კალმახელიძის უწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პატიმრის გარდაცვალების მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობას ასახელებს.
"რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ამცნოს შემდეგი ინფორმაცია: მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მ.ბ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი - გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. მსჯავრდებულ მ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა. სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ზემოაღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებებისაგან", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.