საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე კენჭსაყრელი რეზოლუცია საქართველოს შესახებ ცალსახად დადებითია.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ საერთაშორისო პოლიტიკური აზრი, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში იყოს მყარი განწყობა.
"პროექტი, რომელსაც კენჭი ეყრება, ცალსახად დადებითია. მასში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. ცალკეა გამოყოფილი დევნილების დაბრუნების საკითხიც. ეს ყველაფერი სამომავლოდ საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას უკავშირდება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ოკუპაცია ყოველთვის სრუდება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შეძლო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მყარად ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო აზრი რუსეთის აგრესორობასთან დაკავშირებით, რუსეთის ოკუპაცია საქართველოშიც დასრუდება.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნამდვილად არ დაიწყებს მოთხოვნების მყისიერ შესრულებას, მსოფლიო აზრის წინააღმდეგ მუდმივად სვლა წარმოუდგენელია და ამას ვერ გააკეთებს ვერც ერთი სახელმწიფო, ამას ვერ გააკეთებს რუსეთიც და ადრე თუ გვიან მოუწევს გაითვალისწინოს მსოფლიოს პოლიტიკური აზრი", - მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.
შეგახსენებთ: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. რეზოლუცია "საქართველოში არსებული ვითარება" პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა. დოკუმენტში საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებულია ტერმინი "ოკუპაცია". ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღიარებს მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.