დაბა ჩაქვში აგროსერვის ცენტრის მეურნეობა ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, სრულად ამოქმედდა. აგროსერვისცენტრში ციტრუსის სადემონსტრაციო საკოლექციო ნაკვეთის მოწყობის მიზნით ესპანეთიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან შემოტანილია 3500 - მდე ძირი ციტრუსის 5 სახეობის ნერგი. ადგილზე ხდება ქართული ციტრუსის ახალი ჯიშების გამოყვანაც.
სანერგეში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად დაათვალიერა.
"მეციტრუსეობაში დღეს არსებული პრობლემაა მოძველებული და ამორტიზირებული ნარგავები, რაც ხარისხზეც აისახება. ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ფერმერებს შეეძლებათ ახალი ნარგავები საბაზრო ღირებულებაზე ათჯერ იაფად შეიძინონ და განაახლონ მეურნეობა. უცხოეთიდან შემოტანილი ნერგები ნაყოფიერების მიხედვით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს, ეს კი საშუალებას მოგვცემს ორ-სამ წელიწადში ჩვენს მოსავალს სექტემბრიდან მარტამდე დივერსიფიკაცია გავუკეთოთ. ამით ციტრუსის გასაღების პრობლემაც მოიხსნება," - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძემ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად სიმბოლურად მანდარინის ნერგებიც დარგო. ფერმერებს სერვისცენტრში ჩითილის მიღების გარდა, სპეციალისტები უფასოდ ჩაუტარებენ ტრენინგებს მემცენარეობა-მეცხოველეობის განვითარებასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაში.