ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილ მინისტრს კობა სუბელიანს მმართველი გუნდისგან ჯერ შეთავაზება არა აქვს.
სუბელიანი "ჯი-ეჩ-ენთან" უარყოფს ინფორმაცის, რომ მას "ნაციონალური მოძრაობა" მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ამზადებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არც მესტიის და არც თბილისის რომელიმე უბანში მაჟორიტარობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
რაც შეეხება მოხსნის მიზეზს, სუბელიანი უარყოფს, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, დევნილთა გამოსახლების პროცესში დაშვებული შეცდომებისა და უსამართლობის შესახებ.
მისი თქმით, მართალია მერაბიშვილმა სიტყვა "უსამართლობა" გამოიყენა, მაგრამ თავად პროცესი ასე არ შეუფასებია.
"დევნილთა გამოსახლების პროცესი დილით რომ იწყებოდა, საღამოს 5 საათზე მთავრდებდა და იქ ხან მოქალაქის, ხან ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან იყო ხოლმე გაწევ-გამოწევა და შეიძლება რაღაცები მომხდარიყო და ყოფილიყო ხარვეზები", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა და დასძინა, რომ მთლიანობაში პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან იყო შეთანხმებული.
სუბელიანი დღეს პარლამენტში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შეხვედრას დაესწრო.