სს „სოფლის მეურნეობის კორპორაციის" მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფ. ცეცხლაურის, ნარუჯისა და რუხის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დაახლოებით 500 კგ მოცვის მოსავალი მოვიდა.
პროგრამის განხორციელება 2010 წელს დაიწყო და პირველი ოთხწლიანი ციკლი წარმოადგენს პილოტს, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ შეფასებულ იქნას მოცვის წარმოების შესაძლებლობა და მოგების პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის.
აღსანიშნავია, რომ მოცვის სრული მსხმოიარობის პერიოდი დარგვიდან 4 წლის შემდეგაა, შესაბამისად, მოცვის სრული მოსავალი 2013 წელს მიიღება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში კენკროვან კულტურებს შორის მოცვმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მისთვის დამახასიათებელი სამედიცინო მნიშვნელობის და გამოყენების ფართო სპექტრის გამო. მოთხოვნა და ინტერესის დონე აღნიშნული პროდუქტის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით მაღალია, შედეგად, სისტემატიურად მატულობს მოცვის წარმოების არეალი და სარეალიზაციო ფასი.