ფესტივალი „არტ-გენი" 2012-ის რეგიონალური ტური დასავლეთ საქართველოში გრძელდება. დღეს , 6 ივლისს „არტ-გენს" ზუგდიდი მასპინძლობს. რეგიონალური ტური 8 და 10 ივლისს წყალტუბოსა და ჩოხატაურში გადაინაცვლებს, ხოლო 12 ივლისს ფოთში- მალთაყვას ტყე-პარკში დასრულდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის რეგიონალურ ტურზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ადგილობრივი ფოლკლორი (ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება და რეწვა), ასევე სტუმრები თბილისიდან : ფესტივალის საჩუქარი ანსამბლი „სნო" და ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნები".
21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ-გენი"-ს შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს" , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
ფესტივალი არტ-გენი უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფი "არტ-გენი"-ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.