მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ირწმუნება, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას პრემიერ-მინისტრი ერთ საათშიც შეძლებს. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, მთავრობის სხდომის ჩასატარებლად კვორუმი საჭირო აღარ იქნება. „სხდომის ნაცვლად, ალბათ ახლა ერთი კაცი დაჯდება. იქნებ skype-ს დახმარებით აპირებთ მთავრობის სხდომის ჩატარებას," - მიმართა ხელისუფლებას ვეფხვაძემ.
გია ხუროშვილის განმარტებით, დღეს, იმის გამო, რომ მთავრობის სხდომები კვირაში ერთხელ იმართება, გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება.
,,ცვლილების ამოქმედების შემდეგ კი ნებისმიერი სამინისტროს ინიციატივა თითოეულ უწყებას ელექტრონულად გადაეგზავნება და სავალდებულო დასკვნებსაც მოამზადებენ. კონკრეტული პრობლემის მოგვარება კი ერთ საათშიც იქნება შესაძლებელი. დიახ, პრემიერ-მინისტრი არის ფიგურა, რომელიც კორდინაციას გაუწევს როგორც მთავრობის, ისე მის აპარატსაც, რომ იყოს კოორდინირებული მუშაობა,, - განაცხადა ხუროშვილმა.
შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემა, მთავრობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
კანონპროექტით კი, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და საბოლოოდ დაამტკიცა.