ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში, ვაზის სანერგე მეურნეობა ამოქმედდა. რეგიონში მევენახეობის განვითარების მიზნით ა(ა)იპ "აგროსერვისცენტრს'' ახალსოფლის ტერიტორიაზე გამოეყო 2,7 ჰა მიწის ფართობი, რომელზეც მოეწყობა ვაზის საკოლექციო, სადედე და სანერგე მეურნეობა.
მიმდინარე წელს დაგეგმილია რეგიონში არსებული ადგილობრივი და ინტროდუქცირებული ვაზის ჯიშების საკოლექციო დანიშნულებით ნერგის წარმოება, ასევე, სამრეწველო დანიშნულებით ჩხავერისა და ცოლიკოურის ვაზის ნერგის წარმოება. მყნობისთვის ვაზის ამერიკული საძირე "რიპარია X რუპესტრის 5 ბბ'' ჩამოტანილია თელავის ვაზის საძირეთა კოლექციიდან, ხოლო სხვადასხვა ჯიშის სანამყენე მასალა დამზადებულია ქედის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში.
ვაზის ნერგის წარმოებისთვის დაპარაფინებული ნამყენის აღზრდა მიმდინარეობს პოლიეთილენის კონტეინერებში, რის შედეგადაც შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს მისი გადატანა მუდმივ ადგილზე.
მყნობას აწარმოებენ თელავიდან მოწვეული პროფესიონალი მყნობელები, ხოლო ვაზის მყნობის პროცედურებისა და წესების ადგილზე გაცნობის მიზნით მოწვეულნი არიან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები, სამინისტროს და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სტაჟიორები, ფერმერები ქედა, შუახევი, ხელვაჩაურიდან და სხვა დაინტერესებული პირები.
ცოლიკოურისა და ჩხავერის ჯიშის ვაზის ნამყენი ნერგის მიწოდება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ რეგიონის მევენახე ფერმერებზე შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეღავათიან ფასებში.
ახალი სანერგე მეურნეობა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. ლევან ვარშალომიძე სანერგეში არსებული ჯიშებით დაინტერესდა, ფერმერებს გაესაუბრა და აჭარაში მევენახეობის განვითარებაზე ისაუბრა. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, ცოლიკაურისა და ჩხავერის პარალელურად, აჭარაში ძველი ადგილობრივი და ინტროდუქცირებული 50-მდე ჯიშის ვაზის გამოყვანაც მოხდება. ვარშალომიძის განცხადებით, გაიზრდება ასევე ვენახებით დაკავებული ფართობის რაოდენობაც, რომელიც ამ დროისთვის 180 ჰექტარს შეადგენს. რაც შეეხება ვაზის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ ნერგებს, მათი მიღება მევენახეებსა და ფერმერებს უკვე შემოდგომიდან შეეძლებათ, მისი ფასი კი 1 ლარამდე იქნება.
"რეგიონში მევენახეობის ტრადიციის აღდგენის მიზნით, რვა წლის წინათ დავიწყეთ ფერმერებისთვის ჩხავერისა და ცოლიკაურის ნერგების დარიგება. ახალი სანერგე მეურნეობა საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას დამატებით კიდევ 100 ათასი ჩითილი გადავცეთ. ორ წელიწადში კი ყველა იმ სახეობის ვენახის მოძიება და გამრავლება მოხდება, რომლებიც აჭარაში წლების განმავლობაში ხარობდა. ვაზის გავრცელება ჩვენს მუნიციპალიტეტებში ეკო- და ღვინის ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს", - განაცხადა ვარშალომიძემ.