პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია მთავრობას აგვისტოს ომში მონაწილე პირების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას სთხოვს. ეს საკითხი ბაღათურიამ დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დააყენა. სხდომა დახურული ფორმატით გაიმართა.
ბაღათურია ითხოვს, რომ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს აგვისტოს ომში მონაწილე ყველა სამხედრო პირი, ასევე ყველა ის პირი, ვინც ირიცხება შსს-ის ბაზაზე. გარდა ამისა, უნდა გათავისუფლდნენ ამ რეგიონში მცხოვრები მასწავლებლები და ომში მონაწილე ჟურნალისტები.
ბაღათურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა რომ აღნიშნული შეღავათის დაწესება ბიუჯეტს მოლოდ 1-1,5 მილიონი დაუჯდება. ბაღათურიას განცხადებით, მან მთავრობისგან მიიღო პირობა, რომ ამ საკითხზე გაიმარტება შემდგომი კონსულტაციები, თუმცა სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ იდეაში არის ბევრი ბუნდოვანი საკითხი და იდეის რეალიზაცია გაჭირდება.
"ჯერ ერთი, გაურკვეველია, როგორ უნდა განისაზღვროს ის კატეგორია; თუნდაც მასწავლებლებიდან და ჟურნალისტებიდან ვინ შეიძლება ჩაითვალოს ომში მონაწილედ. ამის გარეშე კი იმის გათვლა, თუ რა დაუჯდება ეს შეღავათი ბიუჯეტს, შეუძლებელია", - აცხადებს ღვალაძე და აღნიშნავს, რომ ბაღათურიას ეს ინიციატივა არის გაუთვლელი და მთავრობას ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდება.