კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია უწყებათაშორის კომისიას სენაკში "ქართული ოცნების" კარდაკარის მონაწილის რომანო ცხვიტავას დაკავებასთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს .
"სენაკის რაიონში პოლიციის თანამშრომლები კარდაკარში მონაწილე ჩვენს თანამშრომლებს აკავებენ. ეს არის მიუღებელი და ეს არის პოლიტიკური პროცესისთვის ხელის შეშლა. მინდა უწყებათაშორის კომისიას მოვთხოვო, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ არავის შეეშალოს ხელი პოლიტიკური პროცესის წარმართვაში. მთავარია ობიექტურობა დაიცვას ყველამ", _ განაცხადა ალასანიამ სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას, რომლებსაც "ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეგახსენებთ, პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით "ქართული ოცნების" კარდაკარის მონაწილე რომანო ცხვიტავა დააკავა, რომელსაც სასამართლომ ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.