ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის ღირებულება 500 ლარით განისაზღვრა. იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ ზღვაში ჩაძირული კერძო ქონება, თუ კი 2 წლის განმავლობაში არ იქნება წყლიდან ამორებული, 2 წლის შემდეგ ყველა უფლება მასზე სახელმწიფოს რჩება.
აღსანიშნავია, რომ ზღვაში ჩაძირულ ქონებად მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა.
ქონების ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს - ნავსადგურის კაპიტანს.
სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, ადგენს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და ამოღების სამუშაოების წარმოების გეგმას, რასაც აცნობებს მის მფლობელს.
თუ ზღვაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობის უსაფრთხოებას, ხელს უშლის საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო-კვლევითი, გარემოსდაცვითი, სამაშველო-სამძებრო და სხვა მსგავსი სამუშაოების წარმოებას, ასევე ქმნის გარემოს დაბინძურების საშიშროებას, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს - ნავსადგურის კაპიტანს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, გონივრულ ვადაში ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება.
ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ინარჩუნებს ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე საკუთრების უფლებას მისი ჩაძირვიდან 2 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ზღვაში ჩაძირული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.